Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაყვალა მრევლიშვილი
პოეტი
დაბადების თარიღი 1909

ცნობილი ქართველი პოეტი მაყვალა მრევლიშვილი დაიბადა 1909 წლის 14 თებერვალს ქალაქ თბილისში, სახალხო მხატვრის, ალექსანდრე მრევლიშვილის ოჯახში. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1926 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1930 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც მეცნიერულ მუშაობას ეწეოდა საქართველოს ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში და 15 წლის მანძილზე ინტენსიურად მონაწილეობდა ქართული პოეტური ფოლკლორის შემკრებთა სამეცნიერო ექსპედიციებში. 1945 წლიდან, ომის პერიოდში დახურული ჟურნალების აღდგენისას, მაყვალა მრევლიშვილი დაინიშნა საყმაწვილო ჟურნალ ,,დილას’’ (ძველი სახელწოდება ,,ოქტომბრელი’’) მთავარი რედაქტორის მოადგილედ. პირველი ლექსი „წერილი აბასთუმნიდან“ 1927 წელს გამოაქვეყნა, ხოლო პირველი წიგნი „ლექსები“ 1940 წელს. მაყვალა მრევლიშვილის მთავარი და პოპულარული საყმაწვილო წიგნებია: ,,ბიჭი ბიჭანჭური’’ და ,,შენ გიგალობ, პატარავ’’. პოეტის რამდენიმე საყმაწვილო ნაწარმოები შეტანილია სასკოლო სახელმძღვანელოებში. გარდა საყმაწვილო ლექსებისა, მაყვალა მრევლიშვილი ლირიკული ლექსების რამდენიმე კრებულის ავტორიცაა. საინტერესო კრებულებია: ,,ჭირნახული’’, ,,გულისა’’ და ,,ქართლის უბეში’’. მაყვალა მრევლიშვილის კალამს ეკუთვნის შარლ დე კოსტერის ,,ულეშპიგელის ლეგენდის’’ თარგმანი. მისი თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ჩეხურ, სლოვაკურ და სხვა ენებზე. ახალი თაობის აღზრდის საქმეში დამსახურებისათვის პოეტი დაჯილდოებული იყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლით. 1973 წელს, უკანაკნელ წლებში შექმნილი საყმაწვილო ლექსებისათვის, მაყვალა მრევლიშვილს შოთა რუსთაველი სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. გარდაიცვალა 1992 წელს, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თარიღი: 05/03/2020
კატეგორია: პოეტი